გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე საუბრობს
გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე საუბრობს, – ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„რუსეთში არჩევნების შედეგებმა ისევე არ გაგვაკვირვა, როგორც გარემოებებმა, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ისეთ სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბარი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, უპირობოდ, ყოველთვის არ გამოდის“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ჰაიკო მასმა დაუშვებელი უწოდა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
ჰაიკო მასის თქმით, ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის შემდეგ, მოსკოვი კვლავ რჩება რთულ პარტნიორად, თუმცა რუსეთთან დიალოგი საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში რუსეთთან ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული იქნება.