გერმანიის პროკურატურა კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრადირებას ითხოვს
გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მიწის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის ესპანეთში ექსტრადირებას სთხოვს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული პუიჩდემონის დაკავების ორდერის შესწავლის შემდეგ, პროკურატურის დასკვნით, კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირება საფუძვლიანია.
ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუიჩდემონს ამბოხსა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
კარლეს პუიჩდემონი გერმანიაში 25 მარტს დააკავეს, როდესაც ის ფინეთიდან ბელგიაში ბრუნდებოდა.
ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და პარლამენტი 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაითხოვა, რაც მან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და “კატალონიის სუვერენული რესპუბლიკა” გამოაცხადა.