გერმანიის სასამართლომ ესპანეთის მთავრობას პუიჩდემონის ექსტრადირებაზე უარი უთხრა 
გერმანიის სასამართლომ ესპანეთის მთავრობას პუიჩდემონის ექსტრადირებაზე უარი უთხრა 

გერმანიის სასამართლომ ესპანეთის მთავრობის მოთხოვნა კატალონიის ყოფილი ავტონომიური ლიდერის ექსტრადირების შესახებ არ დააკმაყოფილა. შლეზვიგ-ჰოლშტაინის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ კარლეს პუიჩდემონის წინააღმდეგ ბრალდება არადამაჯერებლად მიიჩნია.

გერმანიის პოლიციამ კარლეს პუიჩდემონი 25 მარტს დანიის საზღვარზე დააკავა. რამდენიმე დღეში იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მან ესპანეთი 2017 წლის ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მადრიდმა 155-ე მუხლის ამოქმედების შედეგად კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. კატალონიის რეგიონული მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი პატიმრობაში რჩება.

ესპანეთის კონსტიტუცია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ცალკეულ ავტონომიაში კრძალავს. შესაბამისად, 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს გამართული ე.წ. რეფერენდუმი ოფიციალურმა მადრიდმა არალეგიტიმურად ცნო.