კარლეს პუიჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს
კარლეს პუიჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებს. ის თავის კანდიდატურას დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟორდი სანჩესის სასარგებლოდ ხსნის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც ბრიუსელშია ჩაწერილი.

„ჟორდი ჩემზე მეტად წარმოადგენს კოალიციის ღირებულებებს. ის მშვიდობიანი ადამიანია და უსამართლო პატიმრობაშია“, – ამბობს პუიჩდემონი ვიდეომიმართვაში.

ჟორდი სანჩესი ორგანიზაცია „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ყოფილი ხელმძღვანელია. ის პუიჩდემონის კოალიციის სიის მეორე ნომერი იყო გასული წლის 21 დეკემბრის არჩევნებზე. ესპანეთი მას შეთქმულებას, აჯანყების ორგანიზებასა და სახელმწიფო სახსრების უკანონო ფლანგვას ედავება. საქმის არსებით განხილვამდე ის პატიმრობაში იმყოფება.

პუიჩდემონის თქმით, უახლოეს დღეებში თავს მოუყრის კატალონიის პარლამენტის წევრებს და ჩამოაყალიბებს რესპუბლიკის საბჭოს, რომელიც კატალონიას რეალურ დამოუკიდებლობამდე მიიყვანს.
მანამდე, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. ხმის მიცემაში მონაწილეობა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ყველა პარტიამ მიიღო.

22 იანვარს, კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს.