გერმანელ მკვლევართა აზრით, მსოფლიოში COVID-19-ის რეალურ შემთხვევათა მხოლოდ ექვსი პროცენტია დაფიქსირებული
გერმანელ მკვლევართა აზრით, მსოფლიოში COVID-19-ის რეალურ შემთხვევათა მხოლოდ ექვსი პროცენტია დაფიქსირებული

გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის ახალი ანგარიშის მიხედვით, ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები, რომლებსაც ქვეყნები ოფიციალურად აღწერენ და საერთაშორისო მედიაც გადასცემს, ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებლისგან დრამატულად განსხვავდება.

ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, დოქტორმა კრისტიან ბომერმა და პროფესორმა სებასტიან ვოლმერმა ოფიციალური შემთხვევების რაოდენობის შესამოწმებლად გამოიყენეს COVID-19-ის სიკვდილიანობისა და სიკვდილამდე დროის შეფასებები. როგორც მათ მიერ მიღებული მონაცემები აჩვენებს, ქვეყნებს დაფიქსირებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ საშუალოდ ექვსი პროცენტი, რეალური მაჩვენებელი კი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება უკვე ათობით მილიონი იყოს.

მკვლევართა აზრით, იმის მიზეზი, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში ფატალურ შემთხვევათა უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე გერმანიაში, არის არასაკმარისი და არადროული ტესტირება. მათი განცხადებით, გერმანიას გამოვლენილი აქვს შემთხვევათა 15,6 პროცენტი, იტალიას 3,5 პროცენტი, ესპანეთს 1,7 პროცენტი. ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია აშშ-სა (1,6%) და გაერთიანებულ სამეფოში (1,2%).

კვლევის ავტორთა შეფასებით, 2020 წლის 31 მარტისათვის გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 460 000 იყო. ამავე მეთოდის გამოყენებით მათ გამოთვალეს, რომ აშშ-ში 31 მარტისთვის ინფიცირებული იყო 10 მილიონზე მეტი ადამიანი, ესპანეთში 5 მილიონზე მეტი, იტალიაში დაახლოებით 3 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში კი ორ მილიონამდე. ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბაზის მონაცემებით კი, იმ დღისთვის მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 900 000 იყო, რაც მკვლევართა აზრით ნიშნავს იმას, რომ შემთხვევათა დიდი უმრავლესობა დაუფიქსირებელია.

„ასეთი შედეგები იმას ნიშნავს, რომ მთავრობებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებს უკიდურესი სიფრთხილე მართებთ შემთხვევების რაოდენობის ინტერპრეტირებისა და მიზნების დაგეგმვისას. სხვადასხვა ქვეყნებში, ასეთი უკიდურესი სხვაობა რაოდენობასა და ტესტირებას შორის, ნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემები არაინფორმაციულია და არავითარ სასარგებლო ინფორმაციას არ გვაწვდის“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გეტინგენის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის პროფესორი სებასტიან ვოლმერი.

კვლევის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.