გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ახალქალაქის კარტოფილის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ახალქალაქის კარტოფილის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ახალქალაქის კარტოფილის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„2006 წელს ჩატარებული სოციალური გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს გლუვ და თხელკანიან კარტოფილს, რომელსაც ნეიტრალური გემო აქვს. რაც შეეხება ბოლქვის ფორმას და ზომას, აქ დაწინაურდა ოვალური და ოვალურ-წაგრძელებული ფორმის, საშუალო ზომის ბოლქვი. გამოკითხულთა ნახევარმა აირჩია ყვითელი შიგთავსის მქონე კარტოფილი, მეორე ნახევარმა კი თეთრი ფერის შიგთავსით გამორჩეული კარტოფილის ჯიში. საერთო ჯამში, ყველა შეფასებისა და შეფარდების გათვალისწინებით, დადგინდა კარტოფილის ყველაზე მაღალრეიტინგული ჯიშები: მარფონა, აგრია, პიკასო, ჯელი, არინდა და კონდორი.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების ტერიტორიაზე მოყვანილი ყველა ამ ჯიშის კარტოფილი, თუ ის აკმაყოფილებს შესაბამისი სპეციფიკაციით დადგენილ მოთხოვნებს, მომხმარებელს საქპატენტში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნით „ახალქალაქის კარტოფილი“ მონიშნული პროდუქტის სახით მიეწოდება. აქაური კარტოფილი გამოირჩევა ორი მნიშვნელოვანი მახასიათებლით – ინახება დიდი ხნის განმავლობაში და აქვს მაღალი გემოვნური თვისებები, სასიამოვნო ფერი და არომატი. მისი ადგილწარმოშობის არეალი მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტერიტორიებს, მასში შემავალ სოფლებს. ბაზარზე კი „ახალქალაქის კარტოფილის“ სახელიც კი ყოველთვის განსაზღვრავს მასზე დიდ მოთხოვნას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კარტოფილის მაღალი ხარისხი განპირობებულია რეგიონში არსებული მცენარის კარგი ზრდის ხელშემწყობი დღე-ღამის ტემპერატურათა დიდი სხვაობით, მზის ნათების ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, რაც ხელს უწყობს ნაყოფის თანაბარ და შენელებულ ზრდას, შესაბამისად, მშრალი მასალის დაგროვებასა და, საბოლოოდ, ისე დამწიფებას, რომ ის ხანგრძლივად შენახვისათვის ვარგისია გაღვივების საწინააღმდეგო ქიმიური დამუშავების გარეშე. მნიშვნელოვანია სუფთა ეკოლოგიური ზონის არსებობაც – კარტოფილის დასათესი არეალი მაქსიმალურად დაცულია წყლისა და ჰაერის დაბინძურებისგან. ხანგრძლივად დადებული თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო, პარაზიტებიც კი ძალზედ იშვიათია ამ რეგიონში და კარტოფილს დამატებითი ქიმიური დანამატები არ სჭირდება პარაზიტებისგან დასაცავად. კარგად შენახვის უნარი და ხარისხის სხვა მაჩვენებლები კარტოფილს მოსავლის აღების დროიდანვე ეტყობა. ახალქალაქის კარტოფილის მოყვანა, შენახვა და დაფასოება ხდება მისი წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრებში“, – აღნიშნულია სტატიაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ახალქალაქის კარტოფილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 2 მარტს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.