გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ოკამის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ოკამის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ოკამის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიცია XIX საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ივანე მუხრანბატონმა ამ ახალი არომატებით მოახერხა საქართველოში „ევროპის შემოტანა“, მისი სურვილები და მიზნები კი იმასაც ემსახურებოდა, რომ მომავალში შესძლებოდა საქართველოში წარმოებული ევროპული ღვინო გასაყიდად სწორედ დასავლეთში, ევროპაში გაეტანა.

„მალე სურვილები და გეგმები რეალობად იქცა და 1875 წელს მუხრანბატონი საფრანგეთში გაემგზავრა ღვინის ტექნოლოგიისთვის საჭირო აუცილებელი საკითხების ასათვისებლად. საქართველოში დაბრუნებული კი დაუკავშირდა ფრანგ აგრონომ ოდენს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საგანგებო დავალებით იყო ჩამოსული და დაიწყო ერთობლივი რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა. ბუნიკით ვაზის დარგვა, სეკატორით გასხვლა, ყურძნის დახარისხება, ღვინის დაძველება და სხვა მეთოდები შეიმუშავეს მათ ერთობლივად. სულ მალე კი დაიწყეს ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომელიც 1,2 მლნ ლიტრ ტევადობაზე იყო გათვლილი. შიდა ქართლში, მუხრანსა და მის შემოგარენში მეღვინეობის განვითარებაში ივანე მუხრანბატონს დიდი წვლილი მიუძღვის. მათ შორის, ოკამშიც, სადაც პირდაპირ აისახა ის გარემო, რაც მუხრანბატონმა ამ რეგიონში შექმნა. ოკამმა საკუთარი მეღვინეობის გააქტიურება დაიწყო, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა თენგიზ კეკელიძემ, რომელმაც 1965 წელს ოკამის ღვინის ქარხანა დააარსა. „ოკამი“ მშრალი ღვინოა. ის შეიძლება იყოს თეთრი ან წითელი. თეთრის შემთხვევაში, მას აქვს ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე შეფერილობა, სასიამოვნო, ხალისიანი გემო; ზომიერი მჟავიანობით, დახვეწილი და დაბალანსებული არომატით, ისეთით, როგორიც ახასიათებს ახალგაზრდა ღვინოს, გამდიდრებულია მსუბუქი ციტრუსოვანი და ყვითელი ხილის არომატით. თეთრი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები და შაქრიანობა არაუმეტეს 4 გ/ლ. რაც შეეხება „ოკამი წითელს“, მისი ფერი ლალისფრად აღიწერება. სავსე, სასიამოვნო და ხალისიანი მჟავიანობით გამორჩეული გემო აქვს, კენკრის ნაზი არომატით. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. თეთრი ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 19%-ზე ნაკლები, წითელი ღვინის შემთხვევაში კი – 20%-ზე ნაკლები. თეთრი ოკამი მზადდება ჩინური და/ან გორული მწვანე ჯიშის ყურძნიდან, წითელი კი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს ჯიში მოწეული უნდა იყოს ოკამის მიკროზონაში. მიკროზონის ფარგლები ვრცელდება შიდა ქართლისა და კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრებში. მასში შემავალი სოფლებია: კოდისწყარო, ქვემოჭალა, ლამისყანა, სამთავისი, ოკამი, აღაიანი, ახალქალაქი, თელიანი, ქვემო გომი, მეტეხი, ხოვლე, ზემო ხანდაკი, ახალციხე, დოესი, კასპი, წინარეხი და კავთისხევი. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ოკამის ღვინის წინსვლაში განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ღვინის ქარხნის გარდაქმნამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზად. ამ მიმართულებით მეტი პოტენციალი, სამეცნიერო საქმიანობა და განვითარების ახალი ეტაპები კიდევ წინ არის, რაც ოკამის ღვინოს კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩენს ქართულ თუ მსოფლიო ბაზარზე.

ადგილწარმოშობის დასახელება „ოკამი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.