გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი - რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი კვლევა სჭირდება
გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი - რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც ძალიან დიდი კვლევა სჭირდება

ერთადერთი გამოსავალი, რომელიც რეალურია სტიქიური მოვლენებისთვის, არის კოსმოსური დაკვირვებების გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტმა, თამაზ ჭელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თამაზ ჭელიძემ აღნიშნა, არის სპეციალური თანამგზავრები, რომლებიც იძლევა ნალექების პროგნოზს და აღრიცხავს, რა ნალექი მოვიდა, რაც ძალიან აადვილებს პრობლემას.

„არ გჭირდება 9 000 დაკვირვების პუნქტი და ეს იცვლება კოსმოსური დაკვირვებების მონაცემების შეგროვებით. კარგი იქნებოდა, საქართველოში შექმნილიყო კოსმოსური დაკვირვებების ცენტრი. ზღაპარია, რომ ჩვენ ათიათასობით ზედაპირული დაკვირვების სისტემა გავაკეთოთ,  თუმცა ზედაპირული სისტემები უნდა იყოს გასაკონტროლებლად იმისა, რამდენად კარგად ასახავს კოსმოსური დაკვირვება იმას, რაც ხდება დედამიწის ზედაპირზე“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, ის, რაც შოვში მოხდა, არის ახალი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენა.

„სამწუხაროდ, აქ ჩვენ უძლური ვართ, ამიტომ აქ არის მთელი ჯაჭვი. კოსმოსური მონიტორინგის ცენტრით შეიძლება ასეთი მოვლენების პროგნოზირება, რადგან კოსმოსიდან ჩანს ეს დნობები, გაწყლიანება. სპეციალური კოსმოსური სატელიტები არის, რომლებიც ზედაპირულ ტენიანობას ზომავს. ასეთი ადრეული შეტყობინების სისტემები მსოფლიოში უკვე საკმაოდ ბევრია გაკეთებული, ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგებთან, არის სტრასბურგში გეომორფოლოგიური საშიშროების ცენტრი. თუ ცნობილია, რომ არის საშიში არე, იქ აყენებენ სისტემას, ძალიან ძვირად ჯდება, ეს ათეულ ათასობით ევროა, მეტი თუ არა. არის სპეციალური ადგილები, სადაც ცდიან ამ სისტემებსსხვათა შორის, ნასა-ში არის, შეიძლება, ნასა-დან გადმოვიტანოთ 30 წუთის დაგვიანებით, არის კოსმოსური სისტემები, რომელიც ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი არის თანამგზავრული დაკვირვება, იქიდან მოგაწოდებენ მონაცემებს. მე მაინც ვხედავ, რომ კოსმოსური დაკვირვება მაინც ერთადერთი საშუალებაა, რომელიც არის ოპერატიული,  გაძლევს ტენიანობას, ნალექს და ზედაპირულ გაწყლიანებასაც“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შოვში გამონაკლისი ამბავი მოხდა, რადგან იქ სტაციონარულად საშიშროება არ იყო.

„კიდევ უფრო საშიში არის აჭარა, კახეთის ადგილები. ჩვენ ვცადეთ რუკის აგება, ნალექების გათვალისწინებით სტაციონარული რუკა გავაკეთეთ, რადგან გვქონდა ასწლიანი ნალექები. შოვში ასეთი ასწლიანი  ნალექი არ იყო, რაც იქ მოხდა, ეს ახალი ამბავი, რასაც აქამდე არავინ ითვალისწინებდა, ეს არის მყინვარების დნობა, რომელიც კატასტროფულად მოხდა ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილების გამო, ეს ახალი ფაქტორია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი კვლევა“, – განაცხადა ჭელიძემ.