იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
მაშველებმა ნანგრევებში დაკარგული ბოლო ორი ცხედარი იპოვეს.
ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ცხრა ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებენ, რათა ტრაგედიის მიზეზის გამოძიება უფრო გამარტივდეს.
ხიდის ჩამონგრევის ოფიციალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევა კონტრუქციის გაუმართაობამ გამოიწვია.
გენუაში კილომეტრიანი საავტომობილო ხიდის 200-მეტრიანი სექცია 14 აგვისტოს ჩამოინგრა. ნანგრევებში 30-ზე მეტი მანქანა მოყვა.