გენუაში, ერთი წლის წინ, ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს პატივი მიაგეს
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიას 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ წერს, სამგლოვიარო ცერემონია მსხვერპლთა სახელების წაკითხვით დაიწყო. ადგილობრივი დროით 11:36 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ხიდი ჩამოინგრა, ზარები დარეკეს.
ცერემონიას იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, სხვა იტალიელი პოლიტიკოსები და გარდაცვლილთა ოჯახები ესწრებოდნენ.
ამასთან, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დაღუპულების ნათესავებმა ხიდის ოპერატორი კომპანიის „ატლანტიას“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯოვანი კასტელუჩის და სხვა წარმომადგენლებს ცერემონიის დატოვება მოსთხოვეს. კომპანიის დელეგაცია იძულებული გახდა, ღონისძიება დაეტოვებინა.
აღსანიშნავია, რომ ხიდის ჩანგრევის შემდეგ კომპანიის ათობით თანამშრომლის, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, გენუაში ახალი ხიდის გახსნა მომავალი წლის აპრილში იგეგმება.