გენგეგმის თანახმად, თბილისში განვითარებისთვის შეუსაბამო ნაკვეთების დიდი ოდენობა თბილისის ზღვის, დიდი დიღმის ხეობებისა და კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზეა  
გენგეგმის თანახმად, თბილისში განვითარებისთვის შეუსაბამო ნაკვეთების დიდი ოდენობა თბილისის ზღვის, დიდი დიღმის ხეობებისა და კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზეა  

თბილისის განაშენიანებული არეალის გარეთ განვითარებისთვის შეუსაბამო ნაკვეთების განსაკუთრებით დიდი ოდენობა სამ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი – თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები; დიდი დიღმის დასავლეთით არსებული ფერდები და ხეობები; კოჯორი-შინდისის მიმდებარე არეალები .

უსისტემოდ გაცემული ნაკვეთების პრობლემასა და განაშენიანების გარე განვითარების ტერიტორიებზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია საუბარი.

გეგმაში აღნიშნულია, რომ მოცემული ნაკვეთების სამშენებლო განვითარება საფრთხეს უქმნის ერთი მხრივ თბილისის ქალაქგეგმარებით სტრუქტურას, მეორე მხრივ კი, სახიფათოა, როგორც მათი მესაკუთრეებისათვის, ასევე მიმდებარე გარემოსთვის – მათი დიდი ნაწილი მდებარეობს სატყეო, ლანდშაფტურ, გეოდინამიკური და სხვა მაღალი ბუნებრივი რისკების შემცველ არეალებში.

„აღსანიშნავია რომ, დღეისთვის თბილისის გაუნაშენიანებელ და განაშენიანებისთვის შეუსაბამო ტერიტორიებზე კერძო საკუთრებაში გაცემული ასეთი ნაკვეთების მთლიანი ფართობი, ქალაქის განაშენიანებული ნაწილის სრულ ფართობს აღემატება, რაც საგანგაშო მონაცემია“, – ნათქვამია გენგეგმაში და აღნიშნულია, რომ დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე წინასაპროექტო კვლევებისა და ქალაქგეგმარებითი მიზანშეწონილობის უგულებელყოფით მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში, განვითარებისთვის შეუსაბამო საქალაქო სივრცეები გასხვისდა. მსგავსი შემთხვევები ხშირია, როგორც ქალაქის განაშენიანებული  არეალის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების, მშენებლობის ნებართვების და უკვე აშენებული საცხოვრებელი სახლების დისლოკაციის ანალიზით ნათლად ჩანს, რომ მშენებლობები ასეთ ტერიტორიებზე ქაოტურ ხასიათს ატარებს და მოკლებულია ერთიან გააზრებას.

ხშირია ერთმანეთისაგან 700-1000-1500 მ-ის დაშორებითა და ქალაქგეგმარებითი, გარემოს დაცვითი, სატრანსპორტო, საინჟინრო, სოციალური და სხვა საკითხების უგულებელყოფით დანიშნული შეუსაბამო განვითარებები. ეს კი, ხელს უშლის და საფრთხის ქვეშ აყენებს თბილისის მდგრად განვითარებას და რეაგირებას საჭიროებს.

დოკუმენტში  მოცემულია პირველი რიგის ღონისძიებებიც, რომლებიც განსახორციელებელ პროექტებსაც მოიცავს, მათ შორისაა თემქის, დირსიჭალის და ვაზისუბნის პარკების პროექტები.

დატოვე კომენტარი