კახა კალაძე - მგონი, თბილისთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, ბოლო წლებში განხორციელდა უამრავი პროექტი და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი
თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სოზარ სუბარის მიერ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
კერძოდ, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „კორუფციასთან ბრძოლას მივესალმებით, თუმცა პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე ან მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. გაჩნდა მეორე უკიდურესობა, თვითმმართველობებში მკვეთრად შენელდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გადაწყვეტილებების მიმღები პირები კი, ან ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას, ამის გამო უამრავი პროექტია გაჩერებული, ან საერთოდაც ამჯობინებენ უარი უთხრან განმცხადებელს“.
დედაქალაქის მერის თქმით, კორუფციის ფაქტების არსებობის გამო ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში პროექტები რომ შეჩერდა, ეს თბილისს არ ეხება.
„თქვენი აზრით, რამე შევაჩერეთ? ყოველდღე დადიხართ ჩემთან ერთად და ეცნობით სხვადასხვა პროექტს, მაგრამ არ აშუქებთ იმ სამუშაოებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რადგან არ გაინტერესებთ. მაგალითად, დღეს სადაც ვართ, გლდანის მერვე მიკრორაიონში, რაიონული გამგეობა ასრულებს აღნიშნულ პროექტს. რამდენიმე დღის წინაც ვიყავით სხვა პროექტზე და ა.შ. შესაბამისად, მგონი, თბილისთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. უამრავი რამ გაკეთდა ბოლო წლებში, უამრავი რამ კეთდება და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.