გენერალური პროკურორის რანგში, ირაკლი შოთაძეს პარლამენტისთვის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს
გენერალური პროკურორის რანგში, ირაკლი შოთაძეს პარლამენტისთვის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს

საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში, ირაკლი შოთაძეს საკანონმდებლო ორგანოსთვის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს. უწყებისთვის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის მიხედვით, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.

ანგარიში უნდა შეეხოს – სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ამასთან, რეგლამენტით დაკონკრეტებულია, რომ ანგარიში არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

რაც შეეხება პარლამენტის დოკუმენტის განხილვის პროცედურას, რეგლამენტით, პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი უწყების საქმიანობას დადგენილებით აფასებს, სადაც შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან, ან სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

გენერალური პროკურატურის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია ახალი რეგლამენტით. გასულ წელს, წლიური ანგარიში პარლამენტს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ წარუდგინა, თუმცა უწყების მიერ ანგარიშის განხილვა არ მოხდა, მიზეზად 20 ივნისის მოვლენების გამო დროებით შეწყვეტილი საკანონდებლო საქმიანობა დასახელდა.