გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს.

ბრალდებული სხდომის გადადებას და დასაფიქრებელ დროს ითხოვდა, მოსამართლემ კი რამდენიმე წუთიანი შესვენება ორჯერ გამოაცხადა და ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა.

ჭანტურია და მოსამართლე დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში კამათობდნენ სხდომის გადადების შესახებ. ბრალდებული აცხადებდა, რომ პასუხი არ ჰქონდა.

საბოლოოდ, გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს არ უპასუხა, უნდოდა თუ არა ნაფიც მსაჯულებს განეხილა მისი საქმე. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.

საქმეზე არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.