ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, სასამართლომ მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, სასამართლომ მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე კი – შავაძის უკანონო დაკავებასა და ჯგუფურად მკვლელობაში.

კერძოდ, ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობას, იარაღის გამოყენებას და შეურაცხყოფას გულისხმობს. ასევე, 25, 147-ე მუხლის მესამე ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). 25/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ). 109-ე მუხლით მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

მამუკა ბერიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობა და იარაღის გამოყენება), ასევე, 147-ე მუხლის მესამე ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათი სასჯელის ათვლა 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყება.

განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულებმა – საბოლოო სიტყვებით, მხარეებმა კი დასკვნითი სიტყვებით ისარგებლეს. სხდომა დახურული იყო, რადგან მხარეები დასკვნით სიტყვებში დახურულ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს შეეხნენ.

შავაძის საქმეზე დაკავებულების მიმართ ეს პირველი განაჩენია. 12 ბრალდებულიდან ნაფიცი მსაჯულები ორმა აირჩია. დანარჩენების საქმეს მოსამართლე არსებითად იხილავს, ნაწილის საქმე კი სასამართლოს არ გადასცემია და წინასწარ გამოძიებაშია.

12 ბრალდებულიდან ორი – აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე და ყოფილი სპეცრაზმელი გიორგი არაბული ძებნილია.

აგვისტოს ომიდან დაბრუნებული როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაკავებული შავაძე გაქცევას ცდილობდა და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობა კი საპასუხო სროლებმა გამოიწვია. თუმცა 2020 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არამართლზომიერად მოხდა და შავაძის სიცოცხლის უფლება დაირღვა.