საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც 22 მაისიდან სამოქალაქო პანაშვიდები იმართება. საკათედრო ტაძრის ეზოში იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.
მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრებიან.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.