ირაკლი ღარიბაშვილი - გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას, თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს, მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას, თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს, მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისთვის

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

​როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი“ – ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი, ქვეყნის ღირსეული შვილი.

გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა.

გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ  გიორგი კვინიტაძის ნეშტს სხვა დიდი მამულიშვილების გვერდით, მთაწმინდის პანთეონის მიწას მივაბარებთ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.