საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე, IDFI-სა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური დისკრიმინაციის, პარლამეტში ქალთა დაბალი წარმომადგენლობის საკითხები განიხილეს.
“როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესის კუთხით სერიოზული გამოწვევებია. მაგალითად, საქართველოში 64 მერიდან მხოლოდ ერთი არის ქალი, პარლამენტშიც საკმაოდ დაბალია ქალების წარმომადგენლობა, ისევე, როგორც მთლიანობაში მაღალი მენეჯმენტის დონეზე. ეს პრობლემის ერთი ნაწილია. გარდა ამისა, საუბარია, ძალადობაზე, სექსუალურ დისკრიმინაციაზე და სხვა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში და გლობალურად არსებობს“, – განაცხადა IDFI-ის პროგრამების ხელმძღვანელმა ლევან ავალიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაზე დისკუსიის დაწყებაა.
შეხვედრაში გენდერული თანასწორობის სფეროზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.