კახა კალაძე - საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
კახა კალაძე - საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

გენდერული თანასწორობა არის ადამიანის უფლება, იცხოვროს ღირსეულად ისეთ გარემოში, სადაც ხდება შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება. ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი შესაძლებლობებით სარგებლობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

„მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები კონფერენციის მონაწილეებს, ჩვენს სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაღალი დონის ეროვნულ კონფერენციაზე გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გზებზე.

პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, იცხოვროს ღირსეულად ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება.

ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით, ერთნაირი შესაძლებლობებით სარგებლობენ.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, რაც მთავარია, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში. აღნიშნული ცვლილებები, ასევე, მოიცავს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე განმარტებით, რჩება პრობლემები, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია ქალთა გაძლიერება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის გზით.

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის (ათეასთვის) გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით შევქმენით გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რათა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე თავად მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია უფრო მეტად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად.

2020 წლის დასაწყისში, ასოციაციამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ბოლო ორი წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ათეას გენდერული თანასწორობის პლატფორმა, საქმიანობის რეგულირების დოკუმენტებში ინტეგრირდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპები, შემუშავდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების სახელმძღვანელოები მუნიციპალიტეტებისთვის. ათეა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ევროპის საბჭოს კონგრესთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას მოიაზრებს. თანასწორობის პრინციპებზე თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ასევე მოეწერა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცისთანაც. ხოლო დღეს, კიდევ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი თანაშრომლობის ხელმოწერის ცერემონიაა დაგეგმილი, რომელთაგან ერთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და მეორე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან გაფორმდება. იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით შევძლებთ საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სრულად აღმოფხრას“, – განაცხადა კალაძემ.