გენდერული თანასწორობის საბჭო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს
გენდერული თანასწორობის საბჭო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს

პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო საკომიტეტო მოკვლევის „შშმ ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე“ ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს.

მონიტორინგი განხორციელდება თემატური მოკვლევის ჯგუფის 90 რეკომენდაციაზე. რეკომენდაციები გაცემულია 10 მიმართულებით, მათ შორის: კანონმდებლობის, სტატუსის მინიჭების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, განათლების და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.

პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული საბჭოს ინიციატივით დაწყებულია ყველა თემატური მოკვლევის შესრულების მონიტორინგი.

„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად სრულდება ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. მიმდინარე წელს შევაფასებთ ამ რეკომენდაციების შესრულების  ხარისხს და შემდეგ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მათი შესრულებისთვის. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ დაფიქსირებული ხედვა აუცილებლად უნდა შესრულდეს და პარლამენტი და  გენდერული საბჭო ამ კუთხით იქნება ძალიან მკაცრი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეკომენდაციის შესრულების გადავადება მოხდება, ჩვენ უნდა გვქონდეს  მყარი დასაბუთება, რატომ ვერ განხორციელდა ესა თუ ის რეკომენდაცია კონკრეტულ ვადებში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა მოკვლევის პროცესში შესრულებული იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

„ჩვენ უკვე გადავდივართ საპარლამენტო კონტროლზე და მონიტორინგზე. სახელისუფლებო უწყებებს მივწერთ შესაბამის წერილებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. შემდეგ მოხდება შედეგების გაანალიზება და გაცნობა შშმ თემისთვის, განსაკუთრებით, შშმ ქალთა ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მუდმივად ვიმუშავებთ რათა ჯანდაცვის მისაწვდომობა შშმ ქალებისა და გოგონებისათვის უზრუნველყოფილი იყოს“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, მონიტორინგის პირველადი შედეგები წლის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა, ელენ ვიხმანმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.