საქართველოს პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ერთვება, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის დღემდე გაგრძელდება.

25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება.

საქართველოს პირველი არხის ეთერში განთავსდება კვირეულის აღსანიშნავად შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც მრავალფეროვნებას ასახავს და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ინკლუზიური გარემო.

კვირეულის ფარგლებში, პირველი არხის ყველა პლატფორმის (ტელევიზია, რადიო, ონლაინ პორტალი)  გადაცემები და პროექტები კომპლექსურად გააშუქებენ გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ თემატიკას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო ორგანიზაციის ბაზაზე ვიდეოოპერატორის სტაჟირების პროგრამაში გოგონების ჩართვა; მაუწყებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას მრავალი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, მიზანი სწორედ გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისებაა.

„ბევრს ვსაუბრობთ ქალთა გაძლიერებაზე, თუმცა ამ მიმართულებით საზოგადოებაში რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი, გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა სწორედ მათი გაძლიერების წინაპირობა. პირველი არხი ბევრი მიმართულებით მუშაობს  გენდერული თანასწორობის საკითხებზე, იქნება ეს კონტენტის შექმნა თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

გენდერული ბალანსის დასაცავად, საქართველოს პირველი არხი BBC-სთან თანამშრომლობით პროექტს „50:50“-ზე ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს, უახლოეს წლებში მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს ეთერში –  რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე. პროექტი „50:50“ მონაცემთა შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და შემდგომ დაგეგმვის წყალობით უზრუნველყოფს მაუწყებლის კონტენტში ქალებისა და კაცების სამართლიან რეპრეზენტაციას და გენდერული ბალანსის საუკეთესო შესაძლო მაჩვენებლის მიღწევას. ამჟამად პროექტს 20 ქვეყანაში 70 ორგანიზაცია ახორციელებს. BBC-სთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად აშუქებს გენდერული თანასწორობის საკითხებს და პრიორიტეტად ისახავს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. 2020 წელს მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი All Things Being Equal, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.