გენდერული თანასწორობის საბჭო ქუთაისის საკრებულოში ეთიკის ნორმების დაწესებას მოითხოვს
ქუთაისის საკრებულოში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო რამდენიმე დღეში საბჭოს დებულებაში ცვლილებებზე იმსჯელებს. ცვლილებები ეთიკის ნორმების დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია აცხადებს, საბჭოს წევრები მომდევნო კვირაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რეკომენდაციის წერილს მოამზადებენ.
რეკომენდაცია საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რათა დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ ან შეიქმნას კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პირების ქცევის ნორმებს.
შენგელიას თქმით, ბოლო დროს ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პრევენციის მექანიზმზე მუშაობა დროულად არის დასაწყები.
„ვალდებული ვართ, გვქონდეს პრევენციის მექანიზმი და მეტი დაცვის ქმედითი ბერკეტი, რომ მომავალში არ დავდგეთ მსგავსი შედეგების წინაშე, რაც ნანა კოსტავას შემთხვევაში მოხდა.
საკრებულოსთვის წარსადგენ რეკომენდაციაზე საბჭოს წევრები სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, – ასეთი წარწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ „ფეისბუქში“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ და გარდაეცვალა. ნანა კოსტავა გენდერული თანასწორობის საბჭოდან გაუშვეს. ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.