გელათის მონასტერში 2021 წელს ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევს
გელათის მონასტერში 2021 წელს ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევს

გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დადებით შეფასებას აძლევს, – საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, UNESCO-სა და მათ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მოწვეულ იქნენ კედლის მხატვრობის საერთაშორისო დონის კონსერვატორები – მარკო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. მ. პულიერი და ვ. ჩენტანი იმ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ, UNESCO-ს ეგიდით, 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და მიზნად ისახავს 2008-2020 წწ. პერიოდში გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სერიოზული პრობლემების აღმოფხვრას. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მსოფლიო დონის ექსპერტი, პროფესორი, არქიტექტორი უგო ტონიეტი, ჯგუფის წევრია ასევე მსოფლიოში აღიარებული კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 16 სექტემბერს, დადგენილი წესის თანახმად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს კულტურის სამინისტროდან გაეგზავნა გელათის მონასტერში განხორციელებული ვიზიტებისა და ექსპერტიზის ანგარიშები, რომელიც, თავის მხრივ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა შეფასებისათვის მის მრჩეველ ორგანოს – ICOMOS-ს წარუდგინა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მარიო პულიერიმ 1998 წელს აღადინა იტალიაში (უმბრიის რეგიონი) ასიზის ტაძარში ჯოტოს ფრესკები, რომლებიც 1997 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ასევე, პულიერის სახელს უკავშირდება Nymphaeum of Palazzo Sacchetti – კედლისა და კამარის ფრესკების აღდგენა რომში (XVI ს.) და იგი არის პადუას საკათედრო ტაძრის (XV ს.) ბაპტისტერიის კედლებზე ფრესკების აღდგენის პროექტის ტექნიკური დირექტორი, ოვეტარის სამლოცველოში (XV ს.), პადუაში – ანდრეა მანტენიას, ბონო და ფერარას, ანსუინო და ფორლის ფრესკების რეკონსტრუქციისა და აღდგენის ტექნიკური დირექტორი, და სხვ. რაც შეეხება ვინჩენცო ჩენტანის, მის მიერ აღდგენილი ძეგლების ჩამონათვალშია ნიკოლინის სამლოცველოს რესტავრაცია (ვატიკანი), მე-14 საუკუნის ფრესკები სანტა ლუჩია დი მასაკვანოს ტაძარში (ნეაპოლი); კედლის მხატვრობა, რომელიც ასახავს ჯვარცმას (მე-16 საუკუნის ბოლო) ნეაპოლის რეგინა კოელის მონასტრის კიბეზე; ფრესკები (მე-19 ს.) სოსიოს ეკლესიაში, ფრატამაჯორე (ნეაპოლი); ფრესკები და მოზაიკა (იმპერიული ხანა) Via Cruciferi-ის არქეოლოგიურ ძეგლზე, კატანიაში, და სხვ.

ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს განახორციელა. მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტი შედგა 2021 წლის 22-29 ივნისის პერიოდში და მათ, კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალებთან ერთად (მერაბ ბუჩუკურის ჯგუფი) კედლის მხატვრობის არაერთი ფრაგმენტი საბოლოო განადგურებას გადაარჩინეს. ვიზიტის შემდეგ, დაზიანებული კედლის მხატვრობის შენარჩუნებაზე მუშაობა, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგიითა და მათი ზედამხედველობის ქვეშ, მერაბ ბუჩუკურმა და მისმა ჯგუფმა 2021 წლის დეკემბრამდე წარმატებით გააგრძელა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ, 2022 წლის 9 თებერვალს, კულტურის სამინისტროში შემოვიდა ICOMOS-ის შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, გელათის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული ზემოხსენებული გადაუდებელი სამუშაოები და სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევები და სამომავლო რეკომენდაციები დადებითად იქნა შეფასებული.

„უფრო მეტიც, ICOMOS-ი საქართველოსგან მოითხოვს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულმა, კედლის მხატვრობის იტალიელმა სპეციალისტებმა გააგრძელონ მუშაობა; აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც ემყარება ზიანის გამომწვევი მიზეზებისა და ლაბორატორიულ კვლევებს, მით უფრო, კედლის მხატვრობის ძალიან კრიტიკული მდგომარეობის ფონზე; მოუწოდებს მათ, განახორციელონ სხვა სატესტო ჩარევებიც, რომელთა ჩატარებაც მოცემულ ექსპერტებს თავიანთ ანგარიშში აქვთ შემოთავაზებული; რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ იდენტური საექსპერტო შეფასებები ტაძრის კედლის მხატვრობის სხვა ყველა დანარჩენ ნაწილზე განახორციელოს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი გადახურვა ამჟამად აკავებს წვიმის წყლის შემდგომ შეღწევას, დეგრადაციის მდგომარეობის სტაბილურობის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც დაუყოვნებელი და გადაუდებელი საჭიროება. ამიტომაც, ICOMOS-ის რეკომენდაციაა, რომ კედლის მხატვრობის სპეციალისტებმა გააგრძელონ კოორდინაციაში მუშაობა სამუშაო ჯგუფის კონსტრუქტორ წევრებთან მოკლე- და გრძელვადიანი მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული რეკომენდაცია მის გაცემამდე უკვე სრულდებოდა და სრულდება კულტურის სამინისტროს მიერ. კერძოდ, 2021 წლის ივნისიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ყველა იტალიელი ექსპერტის ინტეგრირებული მუშაობა და მათი აქტიური პროფესიული დიალოგი კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის განმავლობაში, რამდენიმე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ (მზია ჯანჯალია, მაკა ბულია და სხვ.) ეჭვქვეშ დააყენა კედლის მხატვრობაზე ჩატარებული სამუშაოებისას შერჩეული მეთოდი და დაჟინებით ითხოვდა სხვა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას იმ მოტივით, რომ „ამ საქმეში მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან საჭირო“. კულტურის სამინისტრომ, რომელიც, მისი შექმნის დღიდან, ყოველთვის მაღალკვალიფიციური, მსოფლიო დონის ექსპერტების ჩართულობისაკენ ისწრაფვოდა გელათის მონასტერში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მოცემული კრიტიკული მოსაზრებების განსახილველად რამდენიმე გაფართოებული სხდომა ჩაატარა, რაც გაშუქდა კიდეც არაერთი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიის მიერ. სხდომებში მონაწილეობდნენ კრიტიკის ავტორი ხელოვნებათმცოდნეები და დარგის სხვა პროფესიონალები (როგორც თეორეტიკოსები, ისე პრაქტიკოსები). სხდომებში ასევე მონაწილეობდნენ ზემომითითებული იტალიელი ექსპერტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. კულტურის სამინისტრომ მოცემული ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფს შესთავაზა, რომ უზრუნველეყოთ სხვა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოში, რასაც სამინისტრო დააფინანსებდა. ხელოვნებათმცოდნეებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰყავდათ ასეთი ექსპერტები და რჩევისათვის მიმართეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელ ნანა კუპრაშვილს, რომელიც, მრავალი წელია, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ძეგლების კონსერვაციის/რესტავრაციის პროექტებს ახორციელებს. ქალბატონმა ნანა კუპრაშვილმა კულტურის სამინისტრო დააკავშირა ორ ბრიტანელ ექსპერტთან. კრიტიკის ავტორი ქართველი ხელოვნებათმცოდნეები აცხადებდნენ, რომ მოცემული ბრიტანელი ექსპერტებისგან შემოვიდოდა ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის დასკვნა, რასაც კულტურის სამინისტრო დათანხმდა. კულტურის სამინისტრომ ბრიტანელ ექსპერტებს შესთავაზა გელათში ვიზიტი საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებით, რაზეც მათ უარი განაცხადეს, მათ შორის, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მიზეზით. თუმცა, მათ განიხილეს მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტის ანგარიში და ისე, რომ, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, არ ისურვეს ანგარიშის იტალიელ ავტორებთან და კულტურის სამინისტროს სისტემასთან პროფესიული დიალოგი, მოცემული ანგარიში „არაკომპეტენტურად“ გამოაცხადეს. ვინაიდან მოცემული „დასკვნა“, გელათის მონასტერში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და შესაბამისი ექსპერტიზების გარეშე, ვერ იქნებოდა სიღრმისეულ კვლევად მიჩნეული, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკულად განწყობილმა ჯგუფმა მას „რეცენზია“ შეარქვა.

მოცემული „რეცენზიის“ საფუძველზე, ისინი ითხოვდნენ კულტურის სამინისტროს მიერ კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას (რომელიც, 2022 წლის 9 თებერვლის ICOMOS-ის დასკვნით დადებითად იქნა შეფასებული) და, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მოტივით, დამატებით ანალიზსა და ფიქრს.

მოგვიანებით, კულტურის სამინისტრომ ზემოხსენებულ ბრიტანელ ექსპერტებთან მიმოწერისას შეიტყო, რომ მათი „დასკვნა“ მათი კერძო მოსაზრებები იყო და ის არ გამოხატავდა ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის პოზიციას, სადაც ისინი რამდენიმე წლის წინ მუშაობდნენ/თანამშრომლობდნენ. თუმცა, ქართველი ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კვლავ ითხოვდა კულტურის სამინისტროსაგან იმავე ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობას და აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე ეთიოპიაში კედლის მხატვრობაზე მუშაობის ხელშესახები გამოცდილება. კულტურის სამინისტრო დათანხმდა, შეესწავლა მოცემული ექსპერტების გამოცდილება და გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით და, ასევე, დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან. გამოირკვა, რომ ბრიტანელ ექსპერტებს მართლაც ჰქონდათ ეთიოპიაში მუშაობის გამოცდილება, მხოლოდ კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით ტურისტული გიდების გადამზადების პროექტში, რაც ვერ ჩაითვლებოდა კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში პრაქტიკულ გამოცდილებად. საქართველოში კი, მათ ნამუშევარი ჰქონდათ კონსულტანტის რანგში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და დაფინანსებით, ნანა კუპრაშვილის ოჯახის წევრის კერძო კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მოცემული ბრიტანელი ექსპერტების გამოცდილება არ ჩაითვალა სათანადოდ გელათის ტაძარში შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად და საბოლოოდ იქნა შერჩეული მერაბ ბუჩუკურის პრაქტიკოს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთან მუშაობის სურვილიც დაადასტურეს მარკო პულიერიმ და ვინჩენცო ჩენტანიმ.

როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის ზაფხულიდან დეკემბრის ჩათვლით, მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად, მერაბ ბუჩუკურისა და სხვა ქართველი რესტავრატორების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში კედლის მხატვრობის არაერთი დაზიანებული ფრაგმენტი, მათ შორის მაცხოვრის სახე, იქნა გადარჩენილი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ICOMOS-ის შეფასებებით სრულად და კიდევ ერთხელ გაბათილდა არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილი ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის, არამედ იმ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების განცხადებები, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში ცილისმწამებლური ბრალდებებით იყვნენ დაკავებულნი.

„დღეს, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა UNESCO და ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევენ სამინისტროს მიერ ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს, რითაც, იმედი მაქვს, წერტილი დაესმება გელათის მონასტრის გარშემო უპასუხისმგებლო განცხადებებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებს. ჩვენ კი გავაგრძელებთ პროცესის ღიაობის უზრუნველყოფასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ჯანსაღ დიალოგს, რის შედეგადაც, ძალიან მალე, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების გამოსწორების საშუალო და გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება და მის განხორციელებას უკვე მიმდინარე წელს შევუდგებით“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი