გელა მაჩაიძე - როდესაც ამბობენ, ტყიბულის შახტი სასაკლაოა, არ არის სწორი, თუ დავიცავთ ტექნოლოგიას, ყველაფერი მინიმუმამდე დავა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტყიბულის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესია თავისი სამთო-გეოლოგიური პირობებით. როგორც პირველ არხს სამთო-ტექნოლოგიების ასოცირებულმა პროფესორმა, გელა მაჩაიძემ განუცხადა, სწორედ ტყიბულის საბადოზე მოდის ყველა ის საშიშროება, რაც კი შეიძლება შახტში მოხდეს – სამთოდარტყმები, ენდოგენური ხანძრები.
„ამ ურთულესი საბადოების დამუშავება მოითხოვს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კადრებს, საშემსრულებლო დისციპლინას. თანამედროვე ტექნიკა იძლევა საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რისკები. როდესაც ამბობენ, ტყიბულის შახტი სასაკლაოა, ეს არ არის სწორი. თუ დავიცავთ ტექნოლოგიას, გამოვიყენებთ საკონტროლი ხელსაწყოებს, რომლებითაც წინასწარ, პრევენციას მოახდენს, რომ არ მოხდეს მეთანის გაზის აფეთქება, შეიძლება, ყველაფერი მინიმუმამდე დავიყვანოთ“,- აცხადებს მაჩაიძე.
ამასთან, მაჩაიძე ამბობს, რომ თავად იყო ტყიბულის შახტებში ტექნიკური დირექტორი თითქმის ოთხი წელი და კომპანიის ბიუჯეტის თითქმის 50-60% ტექნოლოგიების დახვეწაზე, გვირაბების გამაგრების პროცესის მართვაზე იხარჯებოდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შახტმა, წინა აფეთქების შემდეგ, როცა ექვსი ადამიანი დაიღუპა, შეიძინა მეთანის კონტროლის საშუალებები. ამ საშუალებებით აკონტროლებდა მუშას სად, როდის, როგორ გადაადგილდება და კიდევ თუ ასეთი რაღაც მოხდებოდა, არ მეგონა. არ იმუშავა ამ კონტროლის საშუალებამ ან სხვა რაღაც იყო. გამოსაძიებელია, ადამიანური ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ. თუ დავიცავთ მოთხოვნილ პარამეტრებს, ტყიბულში სამთო დარტყმა არ უნდა მოხდეს“,-აღნიშნა მაჩაიძემ.