გელა ხანიშვილი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო აგროსესხებისთვის ფინანსური რესურსის მიმღები და გამცემი თავად იქნება
აგროკრედიტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაცემული საბანკო სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება გამართლებული ხარჯია, თუმცა მთავრობა ბანკების სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოთი ჩანაცვლებას აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტო ევროპის სტრუქტურებში გადის სერტიფიცირებას და აგროსესხებისთვის რესურსის მიმღებიც და გამცემიც თავად იქნება, რაც სახელმწიფოს სარგებელს მისცემს, ფერმერამდე კი მეტ ფინანსებს მიიტანს.
გადაცემაში ქვეყნის სასურსათო უსფრთხოება, აგრობიზნესის განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს, რაც მიმდინარე პანდემიის ფონზე კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.
დისკუსიის დროს ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაზე სახელმწიფოს მიერ გაღებულმა ხარჯმა სრულად გაამართლა. თუმცა ამის შემდეგ სესხს ბანკების ნაცვლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო გასცემს.
„ორი მილიარდის მოცულობის აგროკრედიტზე გაცემულ სესხში, რომელიც ბანკებმა გასცეს, მთავრობის თანადაფინანსება სულ რაც არის გაცემული პროცენტის გადასახადი დაახლოებით 270 მილიონი ლარია. და იმ (ბენეფიციარი) კომპანიებიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი კომპანიების მიერ კრედიტის მიღების შემდეგ გადახდილი ნამეტი გადასახადი, უკვე აღემატება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ თანხას. ანუ აბსოლუტურად გამართლებულია ის ხარჯი, რომელსაც სახელმწიფო ეწევა.
გვაქვს უზარმაზარი სლაიდები, სადაც ეს ყველაფერი შეგვიძლია დავადასტუროთ. ეს ყველაფერი გრძელდება, ემატება სხვადასხვა ღონისძიებები. დღეს გვაქვს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომელიც არა მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად ბიზნესის განვითარებასაც ემსახურება. ახლა ეს სააგენტო გადის სერტიფიცირებას ევროპულ სტრუქტურებში და თვითონ იქნება რესურსის მიმღები და გამცემი, რაც რეალურად გამორიცხავს არამწარმოებლურ ხარჯებს. უფრო მეტი ფული მივა ფერმერამდე და უფრო რეალური შედეგები გვექნება. საპროცენტო განაკვეთი უკვე სახელმწიფოსთვის სარგებელი იქნება, იმიტომ რომ ბანკში ჩადგომა ფულს გვიძვირებს“, – განუცხადა გელა ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.