გელა ხანიშვილი - მინდა, დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს, რა მარაგებია ქვეყანაში
მინდა, დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს, რა მარაგებია ქვეყანაში,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ცხრა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მცენარეული ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) სახელმწიფოს მიერ ფასების სუბსიდირების საკითხი და ზოგადად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება განიხილეს.
დისკუსიის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, რადგან სახელმწიფო მარაგებს მუდმივად აკონტროლებს.
„ხვალ კიდევ ვმუშაობთ შემარბილებელ ღონისძიებებზე, ვმუშაობთ ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით დამატებითი მარაგების შექმნაზე, რაც საზოგადოებას ცალკე ეცნობება. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ სახელმწიფო ბიზნესის მეშვეობით მუდმივად აკონტროლებს, თუ რა მარაგები აქვს სახელმწიფოს. ჩვენნაირ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ შექმნას ე.წ. სახელმწიფო რეზერვები, მერე იმის გაყიდვაზე და ათას კორუფციულ რისკებზე იფიქროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ბიზნესი, სწორედ იმის ხარჯზე, რომ დივერსიფიცირებულია, მზად არის ჰქონდეს მარაგები. ყველაზე ფაქიზი თემაა ხორბალი და ფქვილი. დღეს კიდევ ერთხელ დაზუსტდა არსებული მარაგები. ლევან სილაგავამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ 91 ათასი ტონა ხორბალი, რაც საქართველოს ორ თვეზე მეტი მოხმარების ოდენობაა, უკვე ადგილზეა. ამას გარდა, არის ხორბალი გზაში, კონტრაქტები და ა.შ. მდგრადობა საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი განმარტებით, ქვეყნებს შორის საქონლის ბრუნვა არ შეჩერებულა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღეს გვქონდა საუბარი ზეთის, მაკარონის, შაქრის მომწოდებლებთან. ადამიანები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. იცით, რომ საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის არ არის შეჩერებული. მაგალითად დღეს კონტრაქტზე ვსაუბრობდით. ჩვეულებრივ ბრინჯი შემოდის პაკისტანიდან და ტაივანიდან. ეს ბრინჯი დატვირთულია, 15 კონტეინერი წიწიბურა მოდის, 2 ვაგონი დატვირთულია და მოდის. ეს ის მარაგებია, რასაც ბიზნესი ისედაც აკეთებს“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი განმარტებით სურსათის შემოტანას გარკვეული პრობლემები კლიმატური პირობების გამო შეექმნა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებით, რაც პრაქტიკულად უკვე მოგვარდა. თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლარსის მიმართულებით თანამედროვე მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას.
„იმედი გვაქვს, მალე იქნება ლარსის მიმართულებით ის ახალი თანამედროვე გზა, რომელიც მსგავსი რისკებისაგან დაგვაზღვევს. დღეს ნათლად გამოჩნდა ამ გზის საჭიროება. დავინახეთ, რომ ლარსზე ზუსტად იმ დროს მოხდა ზვავები და საშიშროება, როცა ფაქტობრივად მთელი ზამთარი გავიარეთ, თოვლი არ გვქონია და ზუსტად ახალა, როდესაც გარკვეული რისკები გვაქვს, უცბად ათასზე მეტი ქვეყანაში შემომავალი ძირითადად სურსათით დატვირთული მანქანა გაგვიჩერდა. ჩვენ გვაქვს ე.წ. მწვანე დერეფანი სასურსათო მანქანებისთვის და ეს ისედაც შემოვა. დღეს ნაწილობრივ გაიხსნა გზა და იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან სრული დატვირთვით ამუშავდება. ამავე დროს დასავლეთ საქართველოში შტორმი იყო და ხორბლის გადმოცლა შეფერხდა. გუშინ 10 ათასი ტონა დაიცალა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს სარფთან“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილე თვლის, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის გამო, დიდი მადლობა ეკუთვნის მთავრობის სათანადო სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა საბაჟო, შემოსავლების სამსახურის და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის, თუნდაც ჩვენი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არ ვიცით დღე და ღამე. განსაკუთრებით ეს გადადის საბაჟო სამსახურის რისკებზე, რადგან ტვირთბრუნვა, მანქანების შეცვლა, მძღოლის შეცვლა, გადატვირთვა, ეს არაორდინალური რეჟიმია. ხელით მართვაზეა მთელი ქვეყანა გადასული, მაგრამ ძალიან დიდი წარმატებით ართმევს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევას თავს და ვფიქრობთ, არც სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერი გვემუქრება“, – განუცხადა გელა ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.