გელა ხანიშვილი - ფასნამატის კომპონენტს ბიზნესი ორი თვის განმავლობაში არ შეცვლის
გელა ხანიშვილი - ფასნამატის კომპონენტს ბიზნესი ორი თვის განმავლობაში არ შეცვლის

ფასნამატის კომპონენტს ბიზნესი ორი თვის განმავლობაში არ შეცვლის. სახელმწიფომ დააზღვია და მოხსნა ის ფაქტორები, რაც ქვეყნის შიგნით პროდუქციის გაძვირებაზე მოქმედებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ცხრა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მცენარეული ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) სახელმწიფოს მიერ ფასების სუბსიდირების საკითხი და ზოგადად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება განიხილეს.

დისკუსიის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არც ადგილობრივი და არც იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. თუმცა სახელმწიფოს სურს, რომ საარსებოდ მნიშვნელოვანი პროდუქცია მოსახლეობამ ხელმისაწვდომ ფასშიც მიიღოს. სწორედ ამიტომ მთავრობა საბიუჯეტო სახსრების დაფინანსებით ორი თვის განმავლობაში ცხრა დასახელების პროდუქციაზე ფასებს დააზღვევს.

„პროდუქციის მოწოდების გარდა ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობამ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომ ფასებში მიიღოს. მსოფლიო გამოწვევებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი წინაპირობა ახდენს ფასებზე გავლენას. მაგრამ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დააზღვიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც არის სავალუტო რყევების გამო კურსის გაძვირება. შესაბამისად, იმპორტიორ კომპანიებს, რომლებიც ჩამოთვლილი ცხრა პროდუქტის ახორციელებენ, დაუფინანსოს კურსთა შორის ის სხვაობა, რომელიც გადახდის დღისთვის იქნება“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისი განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეუთანხმდა როგორც იმპორტიორებს, ისე სავაჭრო სექტორს, რომ ორი თვის განმავლობაში ფასის ცვლილება არ მოხდება.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ამ სექტორის თითოეულ მონაწილეს იმ თავდადებისა და შრომისთვის, რასაც ახორციელებენ და იმ სწორი ურთიერთობისთვის, რასაც საფასო პოლიტიკის მიმართულებით ატარებენ და მომავალშიც გაატარებენ, რადგან ნათლად აქვთ წარმოდგენილი მსოფლიოს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე პრობლემის სიმძიმე ქართველი მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ არც ერთი ბიზნესსუბიექტი ამ შემთხვევაში საბითუმო ვაჭრობაზე მაქვს საუბარი და შემდეგ საცალოზეც, არ მოახდენს ფასნამატის კომპონენტის რამე ცვლილებას იმის გარდა, რაც მოქმედებდა 2020 წლის 10 მარტამდე“, – დააზუსტა ხანიშვილმა.

მისი თქმით, ფასებზე მიღწეულ შეთანხმებას სახელმწიფო გააკონტროლებს.

„ამ საქმიანობაში ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის უფროსი. ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ყველა სახელმწიფო რესურსს, რათა შევძლოთ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება. ასევე დიდი იმედი გვაქვს თითოეული თანამოქალაქის. ჩვენ ვხვდებით რა თქმა უნდა მსხვილ სავაჭრო ქსელებს. შეიძლება პატარა მაღაზიის დონეზე შეხვედრა არ ტარდება, მაგრამ როდესაც შევძლებთ გავაკონტროლოთ, რომ ფუნდამენტი ანუ საბითუმო ფასი არ გაძვირდეს, მაშინ დანარჩენი ზედნაშენიც ბუნებრივად დარჩება უცვლელი. მსოფლიოში დღეს დიდი რყევებია იცით, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორები, რაც ქვეყნის შიგნით შეიძლება მოქმედებდეს ამა თუ იმ პროდუქციის გაძვირებაზე, ის ფაქტორები დაზღვეულია და მოხსნილია სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული ფასის სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, ხოლო ზოგადად ბიზნესთან მიღწეული ფასის სუბსიდირების შეთანხმებას სპეციალური ნორმატიული აქტი დაარეგულირებს.

„ეს ყველაფერი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის ფარგლებში, რომლის პროექტიც უკვე ატვირთულია და ახლა გადის სათანადო ვიზირებას შესაბამის სამინისტროებში. ვფიქრობ, ხვალ ეს დოკუმენტი უკვე გვექნება რის საფუძველზეც იმოქმედებს ბიზნესი. განმახორციელებელი იქნება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია. დაფინანსების წყარო ბიუჯეტია. ბიუჯეტის რესურსი მიიმართება ამ ღონისძიების განხორციელებაზე, რომლის ვადა არის 2 თვე“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისი თქმით, ორი თვის მანძილზე დასაფინანსებელი ოპერაციები15 მარტიდან აითვლება.

„ბუნებრივია ფულის გადახდა მოხდება შემდგომ პერიოდშიც, როცა იმპორტი მოხდება და როდესაც იმპორტიორი ფულს გადარიცხავს, მაგრამ ეს იქნება აღნიშნულ ორ თვეში განხორციელებულ კონტრაქტებზე“, – განუცხადა გელა ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.