გედევან ფოფხაძე - ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლება როგორ უნდა დაამხოს, ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ მისი გასატარებელი ცვლილებები მაინც არ არის ამ ქვეყანაში
რეპლიკებზე მეტად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რეალურად რა პრობლემებია ქვეყანაში და ისე როგორ გავუშვათ ეს ხელისუფლება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში თეორიულდაც გამოირიცხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ხელისუფლების დამხობის შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა როცა ეწურება ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, საპყრობილიდან უნდა გამოვიდეს.
„რაც შეეხება შესაძლო დამხობას, ეს ტერმინი ალბათ უფრო ემოციური მდგომარეობის ბრალია, ვიდრე კავშირში იყოს რაიმე რეალობასთან. ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლება როგორ უნდა დაამხოს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არანაირ ქათინაურს აღარ იმსახურებს და ქვეყანაში საკმაოდ კრიტიკულია, ცვლილებები აუცილებელია, ვანო მერაბიშვილის გასატარებელი ცვლილებები მგონი მაინც არ არის ამ ქვეყანაში. ასეთი განცხადებებით პირიქით, ერთგვარ პირობას უქმნიან ხელისუფლებას, რომელსაც კრიტიკის სივრცე ეკარგება და უცბად გადადის იმაზე საუბარში, რომ აი, თქვენ უარესები ხართ, თქვენ რატომ უნდა დაგვამხოთ, შემდეგ ხურდავდება მთელი პოლიტიკური პროცესი იქამდე, ვინ უფრო უარესია, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, მგონია, რომ ჩვენ ამ რეპლიკებზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რეალურად რა პრობლემებია ქვეყანაში და ისე როგორ გავუშვათ ეს ხელისუფლება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში თეორიულდაც გამოირიცხოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.