გედევან ფოფხაძე - სახელმწიფომ ერთი ერთზე დატოვა დამსაქმებელი და დასაქმებული, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა
სახელმწიფომ ერთი ერთზე დატოვა დამსაქმებელი და დასაქმებული, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„ნურავინ იტყვის, რომ შრომითი ურთიერთობები ეს არის ჰორიზონტალური ხასიათის ურთიერთობები, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ მდგომარეობაშია. რაზეც უნდათ, ერთმანეთში მოილაპარაკონ და სახელმწიფო რა შუაშია – არ იქნება სწორი დამოკიდებულება. მით უმეტეს, იქ, სადაც შრომის ბაზარი შეზღუდულია, ადამიანისთვის სამუშაოს პოვნა რაღაც შეღავათია და ის, რომ ოჯახში რაღაც თანხა შეიტანოს, მას ძალიან ახლოს აყენებს მონურ მდგომარეობასთან. იმ რისკთან, რომ ის დამოკიდებული გახდეს და თავის დამსაქმებელს დაემორჩილოს იმ დონეზე, რომ დაკარგოს ყველა თავისუფლება და ზოგ შემთხვევაში, ღირსება“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, შრომის უფლებებთან დაკავშირებული ინიციატივების მიმართ პარლამენტის დამოკიდებულება იქნება კიდევ ერთი ტესტი, ვაშენებთ თუ არა სამართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი შეთანხმება თავისუფალი შეთანხმება, რატომ არ შეიძლება, ორი მხარე რაღაც პირობებზე შეთანხმდეს, დასაქმებულისთვის მისაღები იყოს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული თუნდაც, რთული პირობები და რატომ არის საჭირო მხარეების გარკვეული წესებით, თუ ჩარჩოებით შეზღუდვა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ორი ადამიანის გადასაწყვეტი გახდება და სახელმწიფო ამ ყველაფერს მოშორდება, პირველყოფილ თემურ წყობილებას დავუბრუნდებით და კაცობრიობის განვითარებას ხელახლა დავიწყებთ იმ შეთანხმებით, რა შეთანხმებაც მაშინ მოხდა.
„ჩემთვის ეს არის ძალიან ველური პირობების შეთავაზება ორ ადამიანს შორის, სადაც ის გაიმარჯვებს, ვისაც დიდი ფული აქვს, ვისაც საწარმოო საშუალებები გააჩნია და ვინც დიდ რესურსს ფლობს, ის მეორე ადამიანი კი მას შესაჭმელად უნდა მივცეთ. თუ სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას არ შეასრულებს მაშინ, როცა ადამიანი ადამიანს ჩაგრავს, მაშინ სახელმწიფო საერთოდ ქრება. თუ ქუჩაში მოხუცი მიდის, მას ვიღაც დახვდება და ჯოხით ცემას დაუწყებს, მაშინ ხომ გვინდა პოლიციელი იმიტომ, რომ ის მასზე ძალადობს?! აქ პოლიციელზე საერთოდ არ არის საუბარი. საუბარია წესებზე, რომელიც დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ძლიერს ექნება საშუალება, ეს წესები დაარღვიოს. რეალობა არის ის, რომ ადამიანები ჩაგრავენ სხვა ადამიანებს და შენ, სახელმწიფო ამ საჯარო სივრციდან არ უნდა გაიწიო“, – განაცხადა ფოფხაძემ.