დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება და მას დაგვიანებულს უწოდებს.
ფოფხაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა პერსპექტივაშიც არსებითად არაფერს ცვლის.
„მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენ დანაშაულებრივი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვყავს, რომლის ამოცანაც არის მართლმსაჯულების სისტემა შპს საქართველოს სასამართლოდ ჩამოაყალიბოს. საბჭომ ამას უკვე მიაღწია, კლანობრივ დონეზე ხდება მართვა. ამიტომ, ასეთი ნორმატიული ცვლილებებით, თუნდაც გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებით, ერთადერთი, რასაც ვიღებთ არის ის, რომ უფრო თვალსაჩინოდ ვხედავთ, რა დღეში ჩააგდო კლანმა საქართველოს მართლმსაჯულება. შესაბამისად, აღნიშნული აქტიურობები აზრს კარგავს. ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის მთელი პოლიტიკური რესურსის დახარჯვა, რათა ხელისუფლებასთან ერთად ისტორიის ეშაფოტზე ავიდნენ ის ზონდერ მოსამართლეები და პოლიტიკოსები, რომლებიც მათ ლობირებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ყველა სხვა აქტიურობა, ძირითადი ამოცანიდან გვაშორებს, არ მიმაჩნია იმ საჯარო ინტერესის სასარგებლო აქტიურობად, რაც დღეს რეალურად გვაქვს. ჩვენი მთავარი ინტერესი არის, გავათავისუფლოთ და ხალხს დავუბრუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უზურპირებულია“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.