სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების [კონსტიტუციის 25-1], სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს [კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება] და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს [კონსტიტუციის 31-1].

„საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის [ეუთო/ოდირი] დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, ეუთო/ოდირი) შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების ნაწილი, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება და, ასევე, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაკვირვების შედეგად მომზადდა, ყურადღებას ამახვილებს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარვეზებზე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას. ამ პირობებში, კენჭისყრების ფარულობა პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებდა მხოლოდ;

კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი.

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არ არსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს. 2019 წლის 31 ოქტომბერს კვლავ ჩატარდა კენჭისყრა და ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი დასახელდა. კანდიდატის შერჩევის დროს ფარულ კენჭისყრაზე კვლავ გამოვლინდა იგივე პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის მიმდინარეობისას. კერძოდ, საბჭოს კვლავ არ განუსაზღვრავს პროცედურა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადასულ სამ კანდიდატს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით გამოავლენდა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული სამი კანდიდატი დანარჩენ 12-ს კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ჯობდა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე აყენებს შუამდგომლობას, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე.

„აქვე უნდა განვმარტოთ, რომ, მართალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღნიშნული ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, მას ექნება გავლენა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ, პარლამენტში წარსადგენად კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი