გედევან ფოფხაძე - კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა
საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, ამ განწყობაში საზოგადოებას ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც.
„თუ ამ ციფრებს ავიღებთ, როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ გინდა ქვეყანაში მასწავლებელი იყო, გამგეობაში ან პარლამენტში იმუშაო, ვინმე რომ მოვა და გკითხავს, რას ფიქრობო, უნდა უთხრა – კარგს. ეს არის მოცემულობა. ამიტომ, ასე მკაცრად მე „ენდიაის“ კვლევებს მოცემულობად არ ავიღებდი.საერთოდ კოშმარია, რასაც „ენდიაი“ აქვეყნებს, ეს არის სრული დეპრესიისა და სრული აპათიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან. ამ განწყობაში საზოგადოებას ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც“ ,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძის აზრით, საქართველოში როგორც ხელისუფლება არის სუსტი და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისეა ოპოზიციაც.
„გადაუწყვეტელი მოსახლეობის მაჩვენებლი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას არავის იმედი არ აქვს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ხალხს მისცემს 50 ლარს და მშიერ-მწყურვალი ადამიანი გაიყიდება“ ,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 30 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 64 პროცენტი კი უარყოფითად, ფოფხაძის თქმით, ეს ხელისუფლების განაჩენია.
„ეს არის განაჩენი, როცა ქვეყანას რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ განვითარებაზე, 50 პროცენტზე მეტი გეუბნება, რომ დემოკრატია არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უკვე უჩნდება ლეგიტიმური საფუძვლები, ხელისუფლების შეცვლის ალტერნატიული გზები ეძებოს“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“ – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არც ერთი“ – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ერთი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – ერთი პროცენტი, „სხვა“ – ერთი პროცენტი.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.
ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.