გედევან ფოფხაძე - ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებზე ადამიანური ურთიერთობები გაიმარჯვებს
გედევან ფოფხაძე - ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებზე ადამიანური ურთიერთობები გაიმარჯვებს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ ხნულების გავლება საოკუპაციო პოლიტიკის თანმდევი პროცესია.

ჟურნალისტებთან საუბარში ფოფხაძე ნიქოზში რუსი ოკუპანტების მიერ ხნულების გავლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, რუსეთთან ამ თემებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ხალხებს შორის ურთიერთობებში რაც უფრო მეტი ბარიერი იარსებებს, ეს მოსკოვის პოლიტიკისთვის მით უფრო სასარგებლოა.

„ეს წინააღმდეგობები რომ არა, ადამიანები ერთმანეთთან ილაპარაკებდნენ და საომარი და საჩხუბარი არაფერი გვექნებოდა. ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ და სხვა ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ვგულისხმობ. ხელოვნური ბარიერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ომის შედეგად მიღებული ტკივილი გამძაფრდეს და გაძლიერდეს. ისევ საერთშორისო თანამეგობრობას უნდა მივმართოთ. რუსეთს მიაჩნია, რომ თუ მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები იქნება, ეს მის საოკუპაციო პოლიტიკას უზრუნველყოს. ვფიქრობ, რომ ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგან საბოლოო ჯამში, ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებზე ადამიანური ურთიერთობები გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ფოფხაძემ.

საოკუპაციო ხაზთან, ნიქოზის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ხნული დღეს გაავლეს.