გედევან ფოფხაძე - ირაკლი კობახიძეს უნდა, ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ასე დამთავრდეს - მოვიშოროთ და მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ 
გედევან ფოფხაძე - ირაკლი კობახიძეს უნდა, ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ასე დამთავრდეს - მოვიშოროთ და მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ 

ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს, – ასე გამოეხმაურა პირველ არხთან საუბარში დეპუტატი გედევან ფოფხაძე მასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

ფოფხაძის თქმით, სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ.

„ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ. ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა. სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს პირველად გამოეხმაურა. სპიკერის თქმით, გედი ფოფხაძემ თანაგუნდელებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და ეს რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე გააკეთა.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება.