გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების გეოლოგიური აგებულებაა.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის კლდის მასის ჩამოშლა არ ყოფილა.
„გასული საუკუნის 60-იან წლებში ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა იქნა გაყვანილი. ეს უბანი არის თბილისში ალბათ ყველაზე უხუცესი ქვათაცვენის უბანი. მას შემდეგ პერიოდულად მიმდინარეობდა ქვათაცვენის პროცესი, თუმცა ასეთი მასშტაბის მე არ მახსენდება. საბედნიეროდ, ძალიან კარგად იმუშავა დამცავმა ღონისძიებამ. შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად ჩაკეტეს გზა“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, კლდეზე არსებულმა დამცავმა ბადემ კლდიდან ჩამოშლილი მასისგან გამოწვეული გართულებები შეამცირა.
„მსგავს უბნებზე პერიოდულად ხდება პროცესის აქტივაცია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დამატებით შეფასებას განახორციელებენ და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს და გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება.