გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი - გუშინ ნათლად დავინახეთ კლიმატის ცვლილება, აგვისტოში არცერთ წელს ასეთი ძლიერი ნალექი არ ყოფილა
გუშინ თვალნათლივ დავინახეთ კლიმატის ცვლილება. განსაკუთრებულად განსხვავებული ვითარება იყო, აგვისტოს თვეში არცერთ წელს ასეთი ძლიერი ნალექი არ ყოფილა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში ყოფილა ძლიერი ნალექი, თუმცა არა აგვისტოში.
„150 და მეტი წლის სადამკვირვებლო პუნქტი გვაქვს საქართველოში და აგვისტოს თვე არის განსაკუთრებულად მშრალი, უნალექო მთელი საქართველოსთვის. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა, ზოგან ძლიერად წვიმს, თანაც წერტილოვნად, რაც საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენებს იწვევს. გუშინ იყო განსაკუთრებულად განსხვავებული ვითარება, აგვისტოს თვეში არცერთ წელს, არასდროს ასე არ ყოფილა. აგვისტოს თვე საქართველოში არის მშრალი და უნალექო. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 28 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია მოსახლეობისთვის, რომ იქნებოდა არამდგრადი ვითარება და ცალკეულ რაიონებში ძლიერი ნალექი.
მე, როგორც სინოპოტიკოსი, გუშინაც აღვნიშნავდი, რომ ეს იყო ყველაზე განსხვავებული აგვისტო, რადგან გადავხედეთ გასულ წლებს და აგვისტოს თვეში ასეთი ძლიერი ნალექი არ დაფიქსირებულა. დედაქალაქში ყოფილა ძლიერი ნალექები, 130 მილიმეტრი, ოღონდ იყო მაისში, ივნისში და აპრილში. 1972 წელს, ექვს ივნისს არის დაფიქსირებული 130 მილიმეტრი. დიღმის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, გუშინ სამი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 113 მილიმეტრი. არანაკლები იყო სვანიძის, ჯიქიას, გლდანის მიდამოებში. ყველაზე მეტი დააფიქსირა დიღმის მეტეოროლოგიურმა სადგურმა. დანარჩენგან იყო 50, 60, 80 მილიმეტრი“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
გუშინ ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა თბილისში. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეული იყო ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები.