ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება
ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება

იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

„ვითარება ჯერ კიდევ ძალიან კრიტიკულია. წყლის დონემ დაიწია, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობით ტალახი“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა მრჩეველმა, მონია მონიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, დაახლოებით 190 ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან ერთად, გამოყო 5 მილიონი ევრო იმ ტერიტორიების დასახმარებლად, რომებლიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ რეგიონში დაახლოებით 48 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასთან, ტოსკანის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

„რაც ღამით მოხდა ტოსკანაში, აქვს მკაფიო სახელი:კლიმატის ცვლილება“, – აღნიშნა ჯანიმ „ტვიტერზე“.