გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - სოფელ ითხვისში სპეციალისტების მიერ მდგომარეობის ვიზუალურად შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 20 ოჯახი გეოლოგიურად მდგრად ადგილზეა გადასაყვანი
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის განცხადებით, ჭიათურის სოფელ ითხვისში არსებული სიტუაცია მათმა სპეციალისტებმა ვიზუალურად შეამოწმეს და დადგინდა, რომ სასწრაფოდ გასასახლებელია 20 ოჯახი. ამასთან, სააგენტოს განცხადებით, მათ პირველადი დასკვნა გაუგზავნეს ყველა შესაბამის უწყებას. დასკვნის მიხედვით, პროცესის გამომწვევი მიზეზის შესასწავლად აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის შექმნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, სააგენტოს სპეციალისტებმა სოფელ ითხვისში ბოლო პერიოდში გართულებული მდგომარეობა 31 მარტსა და პირველ აპრილს ადგილზე გასვლით ვიზუალურად შეაფასეს.
„განხორციელდა პირველადი ვიზუალური შეფასება ჩვენი სპეციალისტების მიერ არსებული სიტუაციის დადგენის მიზნით, მეწყრული დეფორმაციების შეფასებისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის შეფასებისთვის. პირველადი ვიზუალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადასაყვანი ოჯახები და ჩვენი შეფასებით ასეთი არის 20 ოჯახი. ვიზუალური შეფასებით გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელია. მთავარი იყო, გამოკვეთილიყო დაზიანების ხარისხი, საფრთხის ხარისხი, ეს იყო ვიზუალური შეფასების მიზანი. რაც შეეხება გამომწვევი მიზეზების დადგენას, ამისათვის საჭიროა სპეციალური კვლევების ჩატარება და ეს დასკვნაშიც არის მითითებული, რომ აუცილებელია შეიქმნას უწყებათაშორისი სპეციალური კომისია, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა გეოლოგებთან ერთად, ეს არის: სამთოს საქმის სპეციალისტი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი და ა.შ. ანუ კომპლექსურად უნდა მოხდეს ამის შესწავლა და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია, ზარალი სახეზეა“, – განაცხადა ქურციკიძემ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ის ფაქტორები, რაც მოყვანილია დასკვნაში, არის მხოლოდ წინასწარი შეფასება, სავარაუდო დაშვება იმ ფაქტორების, თუ რას შეიძლება, გამოეწვია მეწყრული პროცესები.
„რა თქმა უნდა, აქ არის ანთროპოგენური ზემოქმედების ფაქტორებიც და არის ბუნებრივი ფაქტორებიც: სეისმური ბიძგებიც, ნალექებიც. ამიტომ ეს არის კომპლექსური შესწავლის საგანი და მანამდე კონკრეტულად შეუძლებელია იმაზე საუბარი, კონკრეტულად მოპოვების რომელი პერიოდის შემდეგ მოხდა გააქტიურება. თავისუფლად არის შესაძლებელი, გასულ საუკუნეში ჩატარებულმა მოპოვებითმა სამუშაოებმა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იჩინოს თავი. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესაძლო ფაქტორი არ წერია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე. ახლა იქ რა მიმდინარეობს და რა ხდება, სწორედ ეს უნდა დაადგინოს კომისიამ. როცა ჩვენ ვიზუალურად ვათვალიერებთ, იქ არ ჩანს სიღრმეში, რა პროცესები მოდის. ჩვენი შეფასების საგანი არ იყო რომელი კომპანიის მოპოვების პირობებში მოხდა ეს. ამიტომ მივუთითეთ იქ, რომ სამთო მოპოვებითი საქმიანობაც არის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი“, – განაცხადა ქურციკიძემ.