გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ტყის კოდექსის“ პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ტყის კოდექსის“ პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, „ტყის კოდექსის“ პროექტი ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით იხილებოდა და ბევრი შესწორებაც შევიდა.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი კოდექსი მივიყვანეთ იმ კონდიციამდე, რაც ჩვენი ქვეყნის ტყეების სამომავლო განვითარებისა და ბუნების დაცვის საქმეში ძალიან ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ამასთან, თანდილაშვილმა საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს მიზანმიმართულად, არჩევნების წინ აპირებენ, საპატრიარქოს გადასცენ ტყეები და მათზე საკუთრების უფლება.

„პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ამ კანონით იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელიც უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, საპატრიარქოს  გარკვეული, რაღაც რაოდენობის ტყეები თუ კი მიეცემა, ამ კოდექსით, ახალი კანონმდებლობით მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე – უფლებები.

ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს, ისეთს, როგორიც დაეკისრებათ სხვა დანარჩენ ტყის მოსარგებლეებს, რომლებიც ტყის კონკრეტულ ტერიტორიებს სახელმწიფოსგან სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აქედან გამომდინარე, თანდილაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საკითხზე სპეკულაციები ისმის.

„ამიტომ სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ტყის ტერიტორიებს უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს, არის ტყუილი და შეურაცყოფა იმ შრომისა, რაც ამ კოდექსის საბოლოოდ, ამ კონდიციამდე მოყვანის საქმეში ყველამ ერთობლივად გავწიეთ.

პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება, მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებულნი გახლავთ, მოუაროს, უპატრონოს, ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს.

ამ კანონის უმთავრესი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურსს, რაც გვაქვს, 40 პროცენტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისით. ცხადია, მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“,- განაცხადა თანდილაშვილმა.

გარდა ამისა, თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები პროექტში ასახულია, თუმცა მუხლებისა და პუნქტების შინაარსი არსებითად არ შეცვლილა.

„იცით, რომ საკმაოდ ხანძლივი ვადა ჰქონდა კოდექსს განხილვების და უმეტესი ნაწილის ამოქმედება ხდება სექტემბრიდან. არის დებულებები, რომლებიც მომდევნო წლებში ამოქმედდება, ის, რასაც სჭირდება სათანადო კონტრიბუცია სახელმწიფოსგან და ეს არ ეხება მხოლოდ ტყის კოდექსს, ეს ეხება მის თანმდევ ყველა კანონპროექტს“, – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.