გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - ნაკვეთის მოუვლელობისა და ხანძრის შემთხვევების შეუტყობინებლობაზე ჯარიმები გამკაცრდება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - ნაკვეთის მოუვლელობისა და ხანძრის შემთხვევების შეუტყობინებლობაზე ჯარიმები გამკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროში ფერმერებს შეხვდნენ.შეხვედრაში კახეთის გუბერნატორი და დედოფლისწყაროს მერიც მონაწილეობდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე აგრარული ნარჩენების დაწვასა და ქარსაცავი ზოლის ხანძრებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ასეთ შემთხვევებზე ჯარიმები გამკაცრდება.

ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ სახნავ-სათესი ფართობების მასიური გადაწვის შემთხვევებიდან გამომდინარე, დღეს ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა განუმარტეს, რომ ნიადაგის გადაწვა გაუდაბნოებისკენ მიმართული ქმედებაა, რაც თავისთავად ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის შემცველია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 55 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობიდან 25 ათას ჰექტრამდე ფართობი გადამწვარია, ფერმერები ამ მეთოდს ნაკვეთის მარტივად გასუფთავების მიზნით იყენებენ, რაც ნიადაგის, ფლორისა და ფაუნის განადგურების გარდა, ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია და ყურადღება გამახვილდება პრევენციის მიზნით რეგულაციების გამკაცრებაზე. ასევე იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნაც, რომელშიც გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯგუფი მონიტორინგს ადგილზე განახორციელებს.

„გამკაცრდება ჯარიმები ნაკვეთის მოუვლელობის, ხანძრის შემთხვევების შეუტყობინებლობაზე. ვიმსჯელებთ, ვის დაეკისროს ქარსაცავზე პასუხისმგებლობა და მოხდება ნაკვეთის პერსონირება, გატარდება კომპლექსური ღონისძიებები“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, პრობლემა მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ გადაიჭრება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა.