გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

„თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც, რადგან ისე იყო ხოლმე მოწყენილი, წამო, დედა, გავისეირნოთ-მეთქი და არა, რაღაც სამუშაო მაქვსო. სულ კირკიტებდა რაღაცას. ფაქტია, რომ კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. არ ვიცი, სამსახურიდან იყო, თუ ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ამასთან, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ არავინ უკავშირდება და არ აქვს ინფორმაცია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.

„როგორც ძებნა შეაფერხეს, გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ მიკავშირდება, არავინ საქმის კურსში არ მაყენებს. რა ვერსიაზეა ლაპარაკი, რა ვერსიით მიჰყავთ. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიწებება და მიტყეპება უნდათ და ასე უბრალოდ დახურვა. არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და ყველგან, სადაც კი რამე მოიძიება,“ – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.