გარდაცვლილი არასრულწლოვნის ძმა - ვიცი, რომ პოლიციელი, რომელიც ლუკა სირაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ უწყებაში მუშაობს
ვიცი, რომ პოლიციელი, რომელიც ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ პოლიციაში მუშაობს, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბექა სირაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებას ამომწურავს უწოდებს.
„ერთი პოლიციელი ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით ესაუბრებოდა. ასევე ვიცი, რომ განყოფილების მენეჯერი ამაზე არ რეაგირებდა და სწორედ ესაა მისი ბრალი. ვიცი, რომ პოლიციელი, რომელიც ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ისევ პოლიციაში მუშაობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამომწურავად იმუშავა. მათ რაც შეეძლოთ დადასტურებულად ეთქვათ, ის თქვეს“, – განუცხადა ბექა სირაძემ საქართველოს პირველ არხს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ორთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მათ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უკვე მიმართეს.
ამასთან ცნობლილია, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პოლიციელი, რევაზ მამასახლისი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს. ამის შესახებ რევაზ მამასახლისის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.