გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის სოლიდარობის ნიშნად გორში, რამდენიმე ქუჩაზე წარწერები გააკეთეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავამ გორის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ აქცია გამართა და გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა.
მან საკრებულოს შენობის წინ წარწერები – „ამ ცხოვრების დედაც“, „სისტემა კლავს“ გააკეთა.
ამავე შინაარსის წარწერები გამოჩნდა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უნივერსიტეტისა და მშენებარე კორპუსის კედლებზეც.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.