განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებებით, სკოლებში მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელი შეფასება კვლავ სავალდებულოა, თუმცა კომპონენტებს სკოლა შეარჩევს
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებებით, სკოლებში მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელი შეფასება კვლავ სავალდებულოა, თუმცა კომპონენტებს სკოლა შეარჩევს

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით, სკოლებში მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელი შეფასება კვლავ სავალდებულოა, თუმცა კომპონენტებს სკოლა შეარჩევს.

როგორც განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სკოლებს განსხვავებული კომპონენტების გამოყენების საშუალება აქამდეც ჰქონდათ, თუმცა ამისთვის განათლების სამინისტროსთვის უნდა მიემართათ.

„ეროვნული სასწავლო გეგმის ძველ რედაქციაში განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები მკაცრად იყო განსაზღვრული. ის შედგებოდა საკლასო წერის, საშინაო წერისა და შემაჯამებლისგან. დღევანდელი ცვლილებით, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი შეფასება ძალაში რჩება და ის სავალდებულოა, თუმცა სკოლის გადასაწყვეტია, რა კომპონენტებს გამოიყენებს სკოლა სხვადასხვა საგნის მიმართულებით. ძველი რედაქციის შემთხვევაშიც, სკოლას განსხვავებული კომპონენტის გამოყენება თუ სურდა, ამის საშუალება ისედაც ჰქონდა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეეთანხმებინათ სამინისტროსთან. დღეს უკვე ეს თავისუფლება სკოლის ავტონომიურობის ფარგლებში აქვს სკოლას, რომ, საგნების სპეციფიკის მიხედვით, თავად დაადგინოს, განმსაზღვრელი შეფასების რა კომპონენტებს გამოიყენებს – საკლასო წერას, საშინაო წერას, შემაჯამებელს თუ საპროექტოს და ასე შემდეგ. მათ ამ კუთხით ძალიან დიდი თავისუფლება ეძლევათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ განმსაზღვრელი შეფასება სავალდებულოა, თუმცა სკოლა კომპონენტების ნაწილში არის თავისუფალი, საგნების მიხედვით განსაზღვრავს მას და ასახავს სასკოლო გეგმაში“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.