თამარ მახარაშვილი - 2023 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო სისტემური ხედვით წავიდა, საეტაპო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული
თამარ მახარაშვილი - 2023 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო სისტემური ხედვით წავიდა, საეტაპო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული

2023-მა წელმა თავი იმით დამამახსოვრა, რომ სახელმწიფო განათლების სფეროში სისტემური ხედვით წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„სხვადასხვა წლებში მიმდინარეობდა კონკრეტული საფეხურის რეფორმები და წარმატებული იყო ხოლმე რიგ შემთხვევაში კონკრეტული საფეხურები, მაგრამ ისე, რომ სახელმწიფოს სისტემურად დაენახა, განათლების ყველა საფეხურის ლოგიკურ ბმაზე დაინტერესებულიყო და ისე მიეღო სარეფორმო გადაწყვეტილები, ამით გამორჩეულია 2023 წელი“, – განაცხადა მახარაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმ ძირითად საეტაპო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც 2023 წელს იქნა მიღებული.

„2023 წელს მიღებული იქნა საეტაპო გადაწყვეტილებები, დასრულდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი, რაც არის ერთგვარი კონსტიტუცია ზოგად განათლებაში, რადგან ის პირდაპირ ამბობს, რა გზით უნდა იაროს სახელმწიფომ; ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემდეგ შესული ცვლილებების კვალდაკვალ ძალიან დიდი ავტონომია, ავტონომიურობის უმაღლესი ხარისხი მიეცათ სკოლებს, აქ ცალსახად გაესვა ხაზი სასკოლო საზოგადოების როლს და ახლა იწყება სტანდარტების რევიზია, რასაც ლოგიკურად მიჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი; სკოლებმა გაიარეს ავტორიზაცია; საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამორჩეული იყო 2023 წლის 27 ოქტომბერი, როდესაც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე; კვლევების საფუძველზე მიღებული იქნა მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის გადაწყვეტილება; განხორციელდა უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის მასშტაბით – სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და შესაბამისი ლაბორატორიებით, თუ ტექნიკით აღჭურვა; კვლევების საფუძველზე მიღებული იქნა შეფასების სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება და ა.შ“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.