განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს სტიპენდიანტები 7 მილიონ 300 ათასი ლარით დააფინანსა
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა, ჯამურად კი, ექვსი წლის განმავლობაში, სტიპენდია 850-ზე მეტ ბენეფიციარზე გასცა. მიმდინარე წელს სტიპენდიანტების საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა.
ამ შედეგებზე ისაუბრეს დღეს თბილისში, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დაფინანსებული სტუდენტებიდან 350 უკვე საქართველოში იმყოფება და სხვადასხვა სახის, მათ შორის საგანმანათლებლო, საქმიანობას ეწევა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.