განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს საკომუნიკაციო პლატფორმას, რომლითაც პროექტების შესახებ ინფორმაციის მიიღება იქნება შესაძლებელი
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA ) ჰესების გარშემო საკითხებზე მსჯელობის მიზნით, ყველა დაინტერესებულ მხარეს საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო დღეისთვის ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაპაუზებული და 80-მდე მსხვილი, ასევე მცირე ჰესი ვერ შენდება ქვეყნის 80 რაიონში.
აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პროტესტი მართულია გარე ძალების მხრიდან, რომლებიც მოსახლეობის ემოციებსა და რელიგიურ გრძნობებს იყენებენ. ამიტომ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია საკუთარ პლატფორმას სთავაზობს ყველა სპეციალისტსა თუ დაინტერესებულ მხარეს, რათა ერთი მხრივ, მოქალაქეების სწორი ინფორმირება მოხდეს ჰესებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, საზოგადოებამ თავად დაინახოს თუ შეარჩიოს ის სპეციალისტები, რომლებიც თავად მოქალაქეთა უმეტესობისთვის იქნება სანდო.
„ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 27 კომპანიას, რომლებიც მუშაობენ განახლებად ენერგიაში. ახლა ჩვენი დარგი ძალიან კრიზისულ პერიოდშია. შეჩერებულია უამრავი პროექტი, ოთხ მილიარდამდე ინვესტიცია არის გაჩერებული, ეს ხდება კოვიდისაგან დაზიანებული ეკონომიკის პირობებში. ასევე გაჩერებულია სამუშაო ადგილები. ჩვენ ვქმნით სწორედ ქართულ სტრატეგიულ პროდუქტს – ელექტროენერგიას, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვრცელდება უამრავი მითი, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს ძალიან დამახინჯებულ სურათს, რითიც ხდება შემდეგ მანიპულირება ადამიანების პარტიოტული, რელიგიური ემოციებით და ამ ყველაფრით სპეკულირება. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პლატფორმა, სადაც რაციონალურად, საქმიანად იქნება დიალოგი, თუ ვის უნდა ენდოს ბიზნესი, სექტორი, ვის ენდობა თავად საზოგადოება, რომ მოხდეს ამ პროექტების გაგრძელება.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, რომ გარე ძალებიც არიან ჩარეულები და პროტესტი არის მართული, მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ვთავაზობთ საკომუნიკაციო პლატფორმას და შესაძლებლობას, რომ ყველა ტიპის ექსპერტებმა, იქნებიან ჩვენი დარგის თუ სხვა, პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.
ამ პლატფორმით არა იმ კონკრეტულ სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დარწმუნება გვინდა, სადაც უნდა განხორციელდეს ეს პროექტები, არამედ გვსურს, ფართო საზოგადოებას გავცეთ პასუხი კითხვებზე და დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას სჭირდება, ჩვენ ვართ სექტორი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაფერს, მათ შორის ეკოლოგიას“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.