გიორგი აბრამიშვილი - ქვეყნის ენერგოდეფიციტი 2025 წლისთვის საკმაოდ დრამატულ სახეს მიიღებს
გიორგი აბრამიშვილი - ქვეყნის ენერგოდეფიციტი 2025 წლისთვის საკმაოდ დრამატულ სახეს მიიღებს

ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის ენერგოდეფიციტიც იზრდება და 2025 წლისთვის საკამოდ დრამატულ სახეს მიიღებს, რაც მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებასაც გაზრდის. წელს პირვლად საქართველომ ზაფხულში უკვე განახორციელა ელექტროენერგიის იმპორტი, – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ჰიდრორესურსების ათვისების პოტენციალი და გამოწვევები განიხილეს.

აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე შეიცვალა ის რეალობა, როდესაც ელექტროენერგიის გენერაციის დეფიციტი მხოლოდ ზამთარში გვქონდა და ზაფხულში გენერაცია ჭარბი იყო. შესაბამისად, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება იზრდება.

„ეკონომიკურ ზრდას შესაბამისად მოხმარების ზრდაც მოჰყვება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ენერგოდეფიციტიც ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ანუ იზრდება დამოკიდებულებაც მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის, რბილად რომ ვთქვათ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და არა საბაზრო ეკონომიკაზე აწყობილ მეზობელ ქვეყნებზეც. წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა ენერგოდეფიციტი ზაფხულის თვეებშიც გაგვიჩნდა. უკვე 2025 წლისთვის ეს დეფიციტი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დრამატულ სახეს მიიღებს. ყველა გათვლებით, დაახლოებით 2025-დან 2030-წლამდე მოხმარება გაგვიორმაგდება.

დღესდღეობით დახლოებით 13 მილიარდ კილოვატს მოვიხმართ და პესიმისტური, ოპტიმისტური და რეალისტური პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი 2030-ისთვის საშუალოდ 20-დან 26 მილიარდ კილოვატსაათამდე ავა. შესაბამისად ეს მოხმარება ზაფხულის თვეებშიც სწრაფად იზრდება, რაც ტურიზმის ზრდას უკავშირდება. მეტი სასტუმროები, მეტი კონდიციონერები. ძველი რეალობაა, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი ენერგია გვქონდა და ზამთარში – დეფიციტი. ეს ასე აღარ არის. რამდენიმე წელია თბოსადგურებს ზაფხულის თვეებშიც ვრთავთ. თბოსადგურიც მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას ნიშნავს, რადგან საკუთარი წიაღისეული არა გვაქვს და თბოსადგურისთვის საჭირო ბუნებრივი აირი შემოგვაქვს. მაგრამ წელს უკვე თბოსადგურების ენერგიაც არ იყო საკმარისი ეს ენერგოდეფიციტ რომ დაგვეფარა და უკვე პირდაპირ იმპორტზეც გადავედით“, – განმარტა აბრამიშვილმა.