გამოქვეყნდა სიტყვები, რომელიც ჯამალ ხაშოგმა სიკვდილის წინ წარმოთქვა
ტელეარხმა Al Jazeera-მ გამოაქვეყნა სიტყვები, რომელიც ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგმა სიკვდილის წინ წარმოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას აუდიოჩანაწერი თურქული გაზეთის, Daily Sabah-ის ჟურნალისტმა, ნაზიფ კარამანმა გადასცა. არაბული მედიასაშუალების ინფორმაციით, აუდიოჩანაწერით ხაშოგის წამება და მკვლელობა დასტურდება. ნაზიფ კარამანის თქმით, ჟურნალისტს დაახლოებით შვიდი წუთის განმავლობაში გუდავდნენ.
„ვეღარ ვსუნთქავ, მომხსენით თავიდან ეს ტომარა, კლაუსტროფობია მაქვს“, – Al Jazeera-ს ინფორმაციით, სწორედ ეს ფრაზები ისმის გავრცელებულ ჩანაწერში.
გაზეთი Daily Sabah-ი აუდიჩანაწერის ფრაგმენტების გამოქვეყნებას გეგმავს. თურქეთის ხელისუფლებამ აუდიოჩანაწერები საუდის არაბეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს გადასცა.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა. ცნობილია, რომ ჯამალ ხაშოგის დაკითხვა და მკვლელობა შემთხვევით მისმა Apple Watch-მა ჩაიწერა.