Sabah - ჯამალ ხაშოგის დაკითხვა და მკვლელობა შემთხვევით მისმა Apple Watch-მა ჩაიწერა
Sabah - ჯამალ ხაშოგის დაკითხვა და მკვლელობა შემთხვევით მისმა Apple Watch-მა ჩაიწერა

თურქული გამოცემა Sabah-ის მტკიცებით, საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟურნალისტის მკვლელობის მომენტი მის Apple Watch-ზე არის ასახული. გამოცემა Sabah-ი სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯამალ ხაშოგის დაკითხვა და მკვლელობა შემთხვევით მისმა საათმა ჩაიწერა.

გამოცემის ცნობით, საკონსულოში შესვლამდე ხაშოგიმ საკუთარი iPhone-ი მეუღლეს დაუტოვა, საათი კი ჩაწერის რეჟიმზე გადაიყვანა. გაზეთის მტკიცებით, ავტომატური სინქრონიზაციის შედეგად Apple Watch-ის და სმარტფონის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდა, რის შემდეგაც საათში ჩაწერილი მასალა iCloud-ში აიტვირთა. გამცემის ცნობით, დაკითხვის დროს საუდის არაბეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა საათი შეამჩნიეს და მასზე ჩაწერილი მასალის წაშლა სცადეს, თუმცა ჩანაწერის მხოლოდ გარკვეული ნაწილის წაშლა შეძლეს.

ცოტა ხნის წინ, Washington Post-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერის შესახებ აცნობა.

ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან 2017 წლის შემდეგ Washington Post-ში მუშაობდა. პირველ მეუღლესთან განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ორ ოქტომბერს ესტუმრა, რის შემდეგაც, ჟურნალისტი გაუჩინარდა. ხაშოგის მეუღლე აცხადებს, რომ მას საკონსულოს ტერიტორია არ დაუტოვებია.